თბილისის ბაგა-ბაღებში ფსიქოლოგების, ლოგოპედებისა და სპეც.პედაგოგების გადამზადება დაიწყო
თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტომ საბავშვო ბაღებში დასაქმებული ფსიქოლოგების, სპეც.პედაგოგებისა და ლოგოპედების გადამზადება დაიწყო. ტრენინგები აპრილიდან ნოემბრამდე გაგრძელდება და მის ფარგლებში, 120 ფსიქოლოგი, 120 ლოგოპედი და 170 სპეც.პედაგოგი, ჯამში 410 თანამშრომელი გადამზადდება.
აღსანიშნავია, რომ 2016 წლამდე თბილისის საბავშვო ბაღების უმეტესობაში ფსიქოლოგისა და ლოგოპედის შტატები არ იყო, სპეც.პედაგოგის შტატი კი საერთოდ არ არსებობდა. აღნიშნული პროექტი ინკლუზიური განათლების ფარგლებში 2016 წლიდან დაიწყო, რომლის ფარგლებშიც ბაგა-ბაღების მართვის სააგენტომ კონკრეტულ პოზიციებზე კონკურსები გამოაცხადა, საკვალიფიკაციო მოთხოვნების გათვალისწინებით შეარჩია კადრები და ამჟამად, მიმდინარეობს მათი გადამზადება.
ამასთან, გასულ წელს შეიქმნა სპეციალური გზამკვლევი, რომლითაც თბილისის საჯარო ბაგა-ბაღების ლოგოპედები, ფსიქოლოგები და სპეცპედაგოგები ხელმძღვანელობენ. ამ გზით შესაძლებელი გახდა თბილისის მასშტაბით, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში ერთიანი სააღმზრდელო სპეციფიკისა და მეთოდიკის დანერგვა.
დასაქმებული სპეც.პედაგოგების, ლოგოპედებისა და ფსიქოლოგების როლის გაძლიერება სააღმზრდელო პროცესში თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს 2017 წლის ერთ-ერთი პრიორიტეტია. ტრენინგებს ტენდერში გამარჯვებული ორგანიზაცია, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი ატარებს.